ილია დარჩიაშვილი - დავოსში, პანელურ დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ცალსახად მიმზიდველი და საინტერესო გზავნილები
ილია დარჩიაშვილი - დავოსში, პანელურ დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ცალსახად მიმზიდველი და საინტერესო გზავნილები

პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომლებიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა, სადაც, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკურ განზომილებაში.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში. დავოსში მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. პარალელურად, იმართება შეხვედრები მსხვილ საერთაშორისო ბიზნესკომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური დიალოგი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე და, ზოგადად, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის დამაკავშირებელ იმ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის როლს და მნიშვნელობას. შუა კორიდორი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო, დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ასევე, საინტერესოა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენმა რეგიონმა და ცენტრალურმა აზიამ უნდა შესთავაზონ ევროპას. ამ მიმართულებით, პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომლებიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ასევე, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ განზომილებაში ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც აქვს საქართველოს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.