ილია დარჩიაშვილი - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიარე 12 პუნქტის შესრულების კუთხით საქართველოს ნაბიჯები, იმედი გვაქვს, როგორც აქამდე, დანია ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება
ილია დარჩიაშვილი - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიარე 12 პუნქტის შესრულების კუთხით საქართველოს ნაბიჯები, იმედი გვაქვს, როგორც აქამდე, დანია ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის ძლიერი სიგნალი, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, მეორე მხრივ, დანია იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი საგარეო ურთიერთობების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში იხსნება დანიის სამეფოს საელჩო, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ახალ, ძლიერ იმპულსებს მოიტანს.

„მივესალმები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ რასმუსენს, რომელიც საქართველოში პირველად ჩამობრძანდა და მინდა, განსაკუთრებით მივესალმო მის ჩამობრძანებას საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები, მათი საერთაშორისო საგარეო ვიზიტების დროს მობრძანდებიან საქართველოში. ჩვენ ძალიან დინამიკური ბოლო ორი თვე გვქონდა ამ მიმართულებით და სწორედ ბატონი მინისტრის ჩამობრძანება გაგრძელებაა იმ ძალიან საინტერესო და აუცილებელი ვიზიტების, რომლებიც ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან საქართველოში. ეს დინამიკა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ, ერთი მხრივ, ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და, ზოგადად, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ბატონი მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და, მეორე მხრივ, დანია იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი საგარეო ურთიერთობების პროცესში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის განმარტებით, შეხვედრის დროს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველომ გადადგა 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით.

„ჩვენი ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ის საჭიროება, რომელიც არის და დგას დღის წესრიგში, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ამ მიმართულებით მქონდა შესაძლებლობა, ბატონ მინისტრთან მესაუბრა ჩვენს კონკრეტულ გეგმებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც გადავდგით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ, როგორც მანამდე იყო, დანიის სამეფო იქნება ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის თქმით, მადლობას უხდის დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის დასახმარებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მინისტრი გუშინ ეწვია საოკუპაციო ხაზს, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ, რასაკვირველია, შევეხეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და გვქონდა შესაძლებლობა, მინისტრისთვის გამეზიარებინა, რა ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ქვეყანამ, რათა დახმარება აღმოეჩინა უკრაინისთვის. გავუზიარე და ვესაუბრე მას ის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ უკრაინას, დიპლომატიურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. მოხარული ვარ, რომ ბატონი მინისტრის ვიზიტის დროს მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ბიზნესსექტორი, ის ხალხი, ვინც აძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალი.

უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს და ესეც იქნება ერთ-ერთი საკითხი მომავალში, რაზეც გავაკეთებთ ფოკუსირებას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს ჩამობრძანებისთვის, ძლიერი მხარდაჭერისა და იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც მას აქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალ და ძლიერ იმპულსს მოიტანს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.