ილია დარჩიაშვილი - ჩვენთვის ძალიან ღირებულია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა, მადლობა გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის
ილია დარჩიაშვილი - ჩვენთვის ძალიან ღირებულია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა, მადლობა გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის

ჩვენთვის ძალიან ღირებულია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მარია ბურიჩთან შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ეს გახლავთ თქვენი მეორე ვიზიტი საქართველოში. პირველი განხორციელდა 2019 წელს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის გადაბარებისას, რომელიც აღსანიშნავ და წარმატებულ მოვლენად რჩება ევროპის საბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის გზაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გენერალური მდივნის ვიზიტისას ოფიციალურად იქნა წარდგენილი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმა, აღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტები. ამ პერიოდში ეს პროექტები წარმატებით განხორციელდა. შესაბამისი უწყებებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს მუშაობა ევროპის საბჭოსთან საქართველოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. საქართველოსთვის ევროპის საბჭოსთან სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ევროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ევროპის საბჭოს მხარდაჭერა განმსაზღვრელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ვაფასებთ ევროპის საბჭოს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დასაცავად და ნდობის აღდგენის მიზნით, რომელიც მრავალი წელია, ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები – კონფლიქტი საქართველოში, რომელიც წელიწადში ორჯერ მიიღება და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს. მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს რეგულარული ანგარიშებისა და საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. ასევე, მადლობას გამოვხატავ სამდივნოს მისამართით ბოლო ვიზიტისას საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის. ამასთან, მადლობა გენერალურ მდივანს, რომ ის თავად ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მქონდა შესაძლებლობა, გენერალური მდივნისთვის გამეზიარებინა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ საქართველოს უსაფრთხოებას. შეხვედრისას შევეხეთ მაისში რეიკიავიკში გამართული ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მეოთხე ისტორიულ სამიტს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. კიდევ ერთხელ მადლობა გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და დიდი ინტერესით ველოდებით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.