ილია დარჩიაშვილი - ჩვენი მთავარი საზრუნავია, პარტნიორებთან თემატურად ვიმსჯელოთ კანონპროექტზე, სწორედ გამჭვირვალობა არის მთავარი ღირებულება, რომელიც გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან
ილია დარჩიაშვილი - ჩვენი მთავარი საზრუნავია, პარტნიორებთან თემატურად ვიმსჯელოთ კანონპროექტზე, სწორედ გამჭვირვალობა არის მთავარი ღირებულება, რომელიც გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან

გვინდა, თემატურად ვიმსჯელოთ პარტნიორებთან გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით, რადგან გამჭვირვალობა არის სწორედ ის მთავარი ღირებულება, რომელიც გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მთავარი გზავნილია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ქართველ ხალხთან.

„პარტნიორებთან ჩვენი მთავარი გზავნილია, მათთვის ზუსტად იყოს აღქმული და გაგებული, რას გულისხმობს ეს კანონი. ჩვენი მთავარი საზრუნავია, პარტნიორებმა არა გადმოცემული ინფორმაცია და სხვისგან მოსმენილი იცოდნენ, არამედ გვინდა თემატურ მსჯელობაში შესვლა მათთან ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან გამჭვირვალობა არის სწორედ ის მთავარი ღირებულება, რომელიც გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან. ჩვენთვის გაუგებარია ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობასთან. გვაქვს ჩვენი კონკრეტული არგუმენტები და არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც შეიძლება მას დაუპირისპირდეს.

დაიწყება საკანონმდებლო პროცესი, მსჯელობა ამ კანონის გარშემო და ყველას ექნება შესაძლებლობა, ინკლუზიურად თავისი ხედვა გააზიაროს პარლამენტს შიგნით. ამ კანონის მთავარი ხედვა არის, რომ ყველა ვალდებულია, იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველ ხალხთან, ესაა მთავარი გზავნილი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არიან: ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.