ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ფრანგ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას ევროპული მომავლისადმი და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან წევრობის განაცხადის გაკეთებას და თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებულ პროცედურებს.

მინისტრები მიესალმნენ და აღნიშნეს საფრანგეთის მხარდაჭერა ასოცირებული ტრიოს ევროპული მისწრაფების მიმართ და ასევე ხაზი გაუსვეს საფრანგეთის როლს აღნიშნულ პროცესში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

„შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის წვერი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფება და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრული ურთიერთობები, რაც გამყარებულია დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარების მიმართულებით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.