ილია დარჩიაშვილი ბაქოში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ილია დარჩიაშვილი ბაქოში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე.

სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.