ილია დარჩიაშვილი - აუცილებელია, საქართველო ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი ნატო-ს 2023 წლის სამიტზე, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ილია დარჩიაშვილი - აუცილებელია, საქართველო ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი ნატო-ს 2023 წლის სამიტზე, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ს მადრიდის სამიტში საქართველოს მონაწილეობასა და სამიტზე საქართველოსთვის „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის“ დამტკიცებაზე, რაც ილია დარჩიაშვილის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და დოკუმენტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მდგრადობას.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ქართული მხარე კვლავაც აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების პროცესში, რის შედეგადაც, ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღიარებულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ქართული მხარის ძალისხმევა მიმართული იქნება ნატო-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ დროულ და ეფექტურ იმპლემენტაციაზე, ისევე როგორც 2023 წელს დაგეგმილ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენის საკითხსა და სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს საკითხის ადეკვატურად ასახვის თემაზე.

„აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი 2023 წლის სამიტზე, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ნატო ერთგულია ასპირანტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდებოდა და საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). აღინიშნა წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ბრიუსელში, ისევე როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტები საქართველოში.

მინისტრის თქმით, მომავალში კვლავ გაგრძელდება ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება და კიდევ უფრო გაღრმავება ალიანსთან თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.