ილია დარჩიაშვილი - ასოცირების საბჭოს გზავნილები საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო, შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილია, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი
ილია დარჩიაშვილი - ასოცირების საბჭოს გზავნილები საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო, შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილია, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გზავნილები საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო, შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილია.

დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია, რაზეც მიუთითებს პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში.

„ეს გზავნილები ნაწილია იმ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელსაც ვავითარებთ. ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაბრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება. ეს გზავნილებიც ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაკავშირებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ოფიციალური დოკუმენტი გამოქვეყნდა.