ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ეცდება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი ევროკავშირში რაც შეიძლება მალე წარადგინოს
ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ეცდება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი ევროკავშირში რაც შეიძლება მალე წარადგინოს

ვეცდებით, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომ ეს კონკრეტული კითხვარი რაც შეიძლება მალე საქართველომ წარმოადგინოს ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემა იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე.

„მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. საქართველოს ევროინტეგრაციის მთელი პროცესის განმავლობაში ჰქონდა ნამდვილად გამორჩეული დღეები, როდესაც საქართველო ხელშესახებად მიიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე. დღევანდელი დღეც გამორჩეულია, რადგან, როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოხდა ევროკავშირისადმი მიმართვა საქართველოს გაწევრიანების შესახებ და სწორედ ამ მიმართვის გამოძახილია დღევანდელი დღე, როდესაც საქართველომ მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ახლა მთვარია, ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, რომ დროულად მოხდეს შევსება კითხვარის, გადმოგზავნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რათა საქართველომ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა. ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება იქნება მობილიზებული ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობისთვის.

რაც შეეხება ვადებს, ვადების ნაწილში საქართველო იმის მიხედვით, როგორც მოხდება ამ პროცესის წინ წაწევა, ამაზე იქნება კონცენტრირებული. ჩვენ ვეცდებით, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომ ეს კონკრეტული კითხვარი რაც შეიძლება მალე საქართველომ წარმოადგინოს ევროკავშირში“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ქალაქ ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.