ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პრაღაში მინისტერიალზე შეხვედრებს გამართავს ევროპელ პარტნიორებთან და დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან
პრაღაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოც იღებს მონაწილეობას, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან.
როგორც ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრა აქვს დაგეგმილი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთანაც.
„ღონისძიების ფარგლებში მექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მათთან გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ, ერთი მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობა და ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის პროცესში ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.
ასევე, დაგეგმილი ჩემი შეხვედრა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, რომელთანაც მუდმივად მქონდა კომუნიკაცია და შეხვედრის შესაძლებლობები. გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც პრაღაში იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.