ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა
ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

2023 წლის 3-4 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ილია დარჩიაშვილის შეხვედრა  ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება  ევროკომისრებს: ეკონომიკის საკითხებში – პაოლო ჯენტილონის,  მართლსამჯულების საკითხებში – დიდიე რეინდერს, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების საკითხებში – იოჰანეს ჰანს და კრიზისის მართვის საკითხებში – იანეზ ლენარჩიჩს.

„აღსანიშნავია, რომ 25-26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით  ბრიუსელს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და  გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან, კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე, შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.