ილია ჭავჭავაძის მუზეუმის საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა
ილია ჭავჭავაძის მუზეუმის საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა

ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის „სპეციალური აღნიშვნის პრიზით“ დაჯილდოებაში შეტანილი წვლილისთვის და მისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვებისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გუნდს კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის მერმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის განვითარების ფონდს, რომელმაც მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა.

„18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს თბილისის მუზეუმების გაერთიანება მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება. სულ ახლახან ბარსელონაში გამართულ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა. მიხარია, რომ დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ბელგიასა და შვეიცარიასთან ერთად, განსაკუთრებული აღიარება თბილისში მდებარე მუზეუმმაც დაიმსახურა.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებში. თქვენ იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნულ მუზეუმში. მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი იქნა მოწესრიგებული. განსაკუთრებული მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთელ გუნდს, რომელმაც საინტერესო ფორმით წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.