ილია ჭავჭავაძის ექსკლუზიური ავეჯი ილიასეულ სახლს უბრუნდება
ილია ჭავჭავაძის ექსკლუზიური ავეჯი ილიასეულ სახლს უბრუნდება

როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინო სანადირაძემ რადიო პირველი არხის დილის პროგრამა „პიკის საათს“ განუცხადა, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ილია ჭავჭავაძის კუთვნილი, დღემდე უცნობი ავეჯი უბრუნდება.

მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისგან ხელაშვილების მიერ შესყიდული და დღემდე მათ ოჯახში დაცული ავეჯის სამი ერთეული, ექსკლუზიურად ილია ჭავჭავაძის სახლისთვის იყო დამზადებული. აღნიშნული ექსპონატების ნახვა მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე იქნება შესაძლებელი.

განახლებულ მუზეუმში დაცული იქნება სამი მემორიალური ოთახი. აქედან ორი – სასადილო და „ივერიის“ რედაქციის კაბინეტი ავთენტური სახითაა შემონახული, ხოლო ოლღა გურამიშვილის საძინებელი ოთახი, სადაც კედლის მხატვრობაა შემონახული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები ,,თბილისის განვითარების ფონდმა“ და თბილისის მერიამ 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს და პროექტ ,,ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების, ,,მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელეს. ამ სახლს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ–პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები (1888-1901) უკავშირდება. თავის დროზე იგი ილიას დას ეკუთვნოდა. სახლში განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. აქვე იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“.