ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა უარი თქვა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრაზე, ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებაში უარყვეს
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა უარი თქვა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრაზე, ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებაში უარყვეს

სომხეთს უარი არ უთქვამს თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ არათუ უარი არ ვთქვით, არამედ ყოველთვის დადებითად ვსაუბრობდით ასეთ სავარაუდო შეხვედრაზე და აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია სამუშაოების ჩატარება ამ შეხვედრის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად“, – თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაან უნანიანმა.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა გაურკვეველი მიზეზების გამო უარი თქვა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო.

„ამ საკითხზე ჩვენ ქართველ კოლეგებთან კონსულტაციები გავმართეთ. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ამ იდეას: საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას, დიალოგის დაწყებას. სამწუხაროდ, სომხეთმა უარი თქვა. მიზეზი ჩემთვის უცნობია. ვერ ვპოულობ რაიმე გონივრულ ახსნას“, – თქვა ალიევმა ბაქოს IX-ე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი წინადადებები გაჟღერდა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, მაგრამ სომხეთის მხრიდან ისევ იყო უარი. „თუ სომხეთს არ სურს მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასიაში, მაშინ ჩნდება შეკითხვა – რა უნდათ მათ? კიდევ ერთი ომი მათთვის კატასტროფა იქნება და ეს მათ კარგად ესმით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.