ილჰამ ალიევმა და ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ 

18:25, 21.07.2026

ბერლინში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს  დეკლარაციას ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ. დოკუმენტი მიზნად ისახავს ეკონომიკური, ენერგეტიკული და დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

დღესვე მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანი-გერმანიის ბიზნესსაბჭოს დაფუძნების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა და კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდა. განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა „მწვანე ენერგია“, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები.

„ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა, კერძოდ, ენერგოსექტორში მომავალ წლებში. გერმანიის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმპორტის დივერსიფიცირების ძლიერი ინტერესი, განსაკუთრებით, გაზის იმპორტის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის, მეტი გაზი მიაწოდოს ევროკავშირს, მაგრამ, ალიევის თქმით, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტირება.

ამასთან, ალიევის განცხადებით, დღეს ხელმოწერილი ახალი შეთანხმებები ორი ქვეყნის ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს.

მსგავსი