ილჰამ ალიევის კრიტიკისთვის თურქეთში მედიაორგანიზაცია Köklü Değişim Media-ს წარმომადგენელი დააკავეს 

12:15, 28.10.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კრიტიკისთვის თურქეთში დააკავეს მედიაორგანიზაცია Köklü Değişim Media-ს წარმომადგენელი აჰმეთ საფა, რომელსაც ბრალად ედება სხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის შეურაცხყოფა.

გამოძიების ფარგლებში, 27 ოქტომბრის ღამით მედიაორგანიზაციის სტამბოლის წარმომადგენელი მუჰამედ ემინ ილდირიმი დააკავეს, ხოლო აჰმეთაის რეგიონის წარმომადგენელი საფა – დღეს დილით.

Köklü Değişim Media ცნობილია, როგორც პანისლამისტური ორგანიზაციის, Hizb ut-Tahrir-ის მხარდამჭერი მედია თურქეთში.

ამასთან, ილდირიმი, რომელიც სტამბოლის პოლიციის სამმართველოში „უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურების შეურაცხყოფის“ ბრალდებით გამოკითხეს, უკვე გაათავისუფლეს.

ილდირიმმა სოციალურ ქსელში ალიევს „ტირანი“ უწოდა, ხოლო სტამბოლში, აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოსთან გაკეთებულ განცხადებაში – „დიქტატორი“. ილდირიმმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები „პოლიტიკურ კრიტიკას“ წარმოადგენდა და დასძინა: „ალიევის მიერ ჰიჯაბის ტარების აკრძალვა ადასტურებს მის რეპრესიულ ბუნებას და იმას, რომ ოპოზიციას სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევს“. ჩვენებაში მან ასევე გაიხსენა, რომ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „მკვლელი“ და „ტერორისტი“ უწოდეს. გამოძიება დაიწყო ოთხი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებდნენ და აკრიტიკებდნენ.

მსგავსი