ილჰამ ალიევი - უნგრეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ, განსაკუთრებით, ევროკავშირის ფარგლებში
ილჰამ ალიევი - უნგრეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ, განსაკუთრებით, ევროკავშირის ფარგლებში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, უნგრეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ, განსაკუთრებით, ევროკავშირის ფარგლებში.

ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბუდაპეშტში ვიზიტისას გააკეთა, სადაც შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ევროკავშირის ფარგლებში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება რთულია.

„იმიტომ, რომ არსებობს ბევრი წესი, ბევრი დამკვიდრებული პრინციპი, რომელთაგან ერთ-ერთი, ბუნებრივია, არის ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, ჩემი მეგობარი ვიქტორ ორბანი ყოველთვის აყენებდა უნგრეთის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა. ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს.

„ჩვენ ვიყავით როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორები მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის ავტორები, და სწორედ ეს ტექსტია დღეს მიღებული სომხეთის მიერ. რა თქმა უნდა, გარკვეული შესწორებებით, მაგრამ, პრინციპში, ჩვენ მიერ შეთავაზებული საკითხები დღეს უკვე მიღებულია სომხეთის მიერ“, – განაცხადა ალიევმა.