ილჰამ ალიევი - მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს
ილჰამ ალიევი - მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

11 იანვარს ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.