ილჰამ ალიევი - სომხეთის მოქმედი მთავრობის წევრები სოროსის აგენტები არიან
ილჰამ ალიევი - სომხეთის მოქმედი მთავრობის წევრები სოროსის აგენტები არიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის მოქმედი მთავრობის წევრები სოროსის აგენტები არიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ ბალაკენში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„სომხეთში მომხდარი „რევოლუცია“ სოროსისა და მასთან დაახლოებული წრეების მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომეხ ხალხს ეზიზღებოდა წინა მთავრობა და ამას არც მალავდა. სომხეთის წინა მთავრობა ამ ზიზღის ღირსი იყო, მაგრამ მათი შემცვლელი დაჯგუფება წინამორბედებისგან დიდად არ განსხვავდება“, – აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ სოროსის ფონდმა სომხეთს 600 მილიონი დოლარი გამოუყო პანდემიასთან ბრძოლისთვის.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა რომელ ქვეყანას გაუწია სოროსის ფონდმა დახმარება? – არც ერთს. აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან ისინი აქ პროვოკაციებით იყვენენ დაკავებული და ახალგაზრდების აზროვნებას წამლავდნენ. მათ სურდათ, ახალგაზრდები საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აემხედრებინათ. ამიტომ ისინი აზერბაიჯანში აღარ არიან, მაგრამ მათ გაშალეს ფრთები სომხეთში და ამას არც მალავენ. ჩვენ ვიცით, რომ სომხეთის მოქმედი მთავრობა ფულს სოროსის ფონდისაგნ იღებს, ისინი არიან აგენტები და სოროსის დაკვეთას ასრულებენ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.