ილჰამ ალიევი - ნიკოლ ფაშინიანს არ ვურჩევდი რასიზმზე საუბარს
ილჰამ ალიევი - ნიკოლ ფაშინიანს არ ვურჩევდი რასიზმზე საუბარს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს არ ვურჩევდი რასიზმზე საუბარს, რადგან სომეხი ტერორისტები მთელს მსოფლიოში არიან ცნობილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ილჰამ ალიევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე სომხების წინააღმდეგ რასობრივ პოლიტიკას ატარებს.

ილჰამ ალიევის განცხადებით, კარაპეტიანის გვარით ცნობილი პიროვნება, რომელმაც პარიზის ორლის აეროპორტში ტერორისტული აქტი განახორციელა, სომხეთში ექსტრადირების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა შეიწყალა.

„ზუსტად ამიტომ, მე მას რეკომენდაციას მივცემდი, იჯდეს ჩუმად, როდესაც ასეთი საკითხების განხილვა მიმდინარეობს. ამით ვასრულებ ჩემს გამოსვლას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.