ილჰამ ალიევი - მზად ვართ, თუნდაც ხვალვე შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, თუ სომხეთი მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულად მოიქცევა
ილჰამ ალიევი - მზად ვართ, თუნდაც ხვალვე შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, თუ სომხეთი მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულად მოიქცევა

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შეხვედრისთვის მოსკოვშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზეც, რათა დავასრულოთ დაპირისპირება და ვიპოვოთ დარეგულირების გზები. გვსურს მშვიდობა, თუმცა სომხეთისგან განსხვავებით, ასევე გვსურს ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც სამართლებრივად გვეკუთვნის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში არაერთხელ არის ნამყოფი, ამჯერად ასეთი მიწვევა არ მიუღია. ილჰამ ალიევის განცხადებით, „ვიდრე სომხეთში ხელისუფლება შეიცვლებოდა და მას პირობითი „სოროსი“ გადაიბარებდა, სამმხრივი შეხვედრები მოსკოვში ხშირი იყო“.

„მზად ვართ, თუნდაც ხვალვე შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, თუ სომხეთი მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულად მოიქცევა. თუმცა განცხადებები, რაც ერევნიდან გვესმის, სრულად ეწინააღმდეგება საბაზისო პრინციპებს, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. თუ სომხური მხარე საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ სამხედრო პროვოკაციებს ისინი კატასტროფამდე მიჰყავს, მზად ვართ შევაჩეროთ საბრძოლო მოქმედებები და საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავჭრათ.

ჩვენ საბაზისო პრინციპების ერთგული ვრჩებით, რაც დეოკუპაციას, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ერთობლივ ცხოვრებას, შუშასა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანელების დაბრუნებას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერი კი მხოლოდ თვითგამორკვევაზე საუბრობს“,- განაცხადა ალიევმა.

რაც შეეხება რეგიონში რუსი სამხედრო დამკვირვებლების შეყვანას უსაფრთხოების გარანტიისა და ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მშვიდობისმყოფელების განთავსებაზე საკითხი ეუთო-ს მინსკის თანათავმჯდომარეების დონეზე უნდა შეთანხმდეს და მათვე განსაზღვრონ, რომელი ქვეყნის კონტიგენტი შეასრულებს ამ მისიას, თუ ეს დღის წესრიგში დადგება.

ალიევის თქმით, რუსეთი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კონფლიქტის დარეგულირებაში. ამისათვის კი, ობიექტური მიზეზები არსებობს, როგორც ისტორიული, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით. კიდევ ერთი მიზეზი ალიევის თქმით ისაა, რომ რუსეთი მრავალი ათწლეულის განმავლობაში „რეგიონში აქტიურად მოქმედებს და არსებობს ურთიერთქმედების მაღალი დონე“.