ილჰამ ალიევი - მთიანი ყარაბაღის არანაირ განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება, არსებობს ერთიანი აზერბაიჯანი
ილჰამ ალიევი - მთიანი ყარაბაღის არანაირ განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება, არსებობს ერთიანი აზერბაიჯანი

მთიანი ყარაბაღის არანაირ განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება, არსებობს ერთიანი აზერბაიჯანი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფიზულის რაიონში ვიზიტისას განაცხადა.

„არანაირ განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანი – მრავალეროვნული და მრავალკონფესიური. აზერბაიჯანის ყველა მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა ხალხს წარმოადგენს და რომელთაც სხვადასხვა რწმენა აქვთ, ცხოვრობენ მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად. სომეხი ხალხიც ასეთ პირობებში იცხოვრებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ფიზულის რაიონი ერთ-ერთია, რომელიც 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლითაც კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ არაფერს ამბობს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელია, როდესაც რეგიონიდან დევნილი მოქალაქეების უფლებები განისაზღვრება.