ილჰამ ალიევი - მსურს, რომ საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გახდეს მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის
ილჰამ ალიევი - მსურს, რომ საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გახდეს მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის

მსურს, რომ საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გახდეს მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს სრულ ტექსტს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

„ახლა რთულია იმის პროგნოზირება, როდის და რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, თუმცა შემიძლია, გითხრათ, როგორი რეგიონი მინდა ვიხილო. მინდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ღრმა ინტეგრაცია. მსურს, ვიხილო, რომ ოდესმე, მომავალში სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გარკვეულწილად გახდება მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა ისადგურებს. ჩვენ ეს ვიცით“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა, რომ კონფლიქტის დარეგულირების დიპლომატიური გზა არსებობს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს დამოკიდებულია სომხური მხარის ნებაზე. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანია და აშშ ერთმანეთს ხოცავდნენ. საბჭოთა კავშირი და გერმანია ერთმანეთს ხოცავდნენ. მოკლული იყო ათობით მილიონი ადამიანი. ახლა კი, შეხედეთ, ამის შესახებ არავის ახსოვს. ეს არ იწვევს მტრობას. რატომ არ შეუძლიათ სომხებს და აზერბაიჯანელებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში ერთად მშვიდობიანად ცხოვრება, როგორც ამას საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და მრავალ სხვა ქვეყანაში აკეთებენ?“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.