ილჰამ ალიევი - მოდით, ავაშენოთ სამყარო ორმაგი სტანდარტების გარეშე, სადაც სამართლიანობა არ იქნება შერჩევითი და მშვიდობა მიიღწევა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით
მოდით, ერთად ავაშენოთ სამყარო ორმაგი სტანდარტების გარეშე, სადაც სამართლიანობა არ იქნება შერჩევითი, კანონის უზენაესობა იქნება დაცული და მშვიდობა მიიღწევა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ალიევმა აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანამ სომხეთთან ურთიერთობების ახალი გვერდის დასაწყებად მზადყოფნა გამოაცხადა.
„მრავალი წლის განმავლობაში ამ ტრიბუნიდან ვსაუბრობდი აზერბაიჯანის მიერ განცდილი აგრესიის, ოკუპაციისა და უსამართლობის ტრაგედიებზე. დღეს ვისაუბრებ გამარჯვებისა და მშვიდობისკენ მიმავალ ჩვენს გრძელ გზაზე და აზერბაიჯანის ისტორიაში ახალ ერაზე. იმაზე, თუ როგორ მოვახერხეთ ოკუპაციის დასრულება განმათავისუფლებელი ომის გზით და როგორ მოვიპოვეთ მშვიდობა პოლიტიკური საშუალებებით. 2020 წლის 10 ნოემბერი სომხეთის კაპიტულაციისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დღეა თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ. ჩვენი განმათავისუფლებელი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა გამოაცხადა მზადყოფნა, სომხეთთან ურთიერთობებში ახალი გვერდი გაეხსნა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საფუძველზე. ჩვენ შევთავაზეთ ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც საერთაშორისო სამართალზე იყო დაფუძნებული, წარვადგინეთ სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადება. შემდეგ დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი პროექტზე, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. პროცესის ჩაშლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან ისინი ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მიმდინარეობდა“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი თავის გახსნისთვის და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის.
„შეერთებულ შტატებში ჩემი აგვისტოში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები ისტორიული მნიშვნელობისაა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. ეს ახალ ჰორიზონტს ხსნის პარტნიორობისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, რეგიონულ კავშირს, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში. ვაშინგტონის სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელიც უზრუნველყოფს ზანგეზურის დერეფანში შეუფერხებელ წვდომას და ხელს შეუწყობს რეგიონულ კავშირს“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ენერგოუსაფრთხოება დაკავშირებულია მშვიდობასთან, რეგიონულ კავშირთან და ეკონომიკურ განვითარებასთან, აზერბაიჯანი კი კვლავაც აქტიურ როლს ასრულებს ამ მიზნების წინსვლაში.
„აზერბაიჯანმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საიმედო და შეუცვლელმა პარტნიორმა მრავალი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეის მდგომარეობით, ჩვენ 14 ქვეყანას ვაწვდით ბუნებრივ გაზს. ეს აზერბაიჯანს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს იმ ქვეყნების რაოდენობით, რომლებსაც ის მილსადენებით აწვდის გაზს. ეს ასახავს ჩვენს სტრატეგიულ როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ალიევმა.