ილჰამ ალიევი - იძულებულები ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა აგრესორისთვის და ამ ფორმით დაგვეცვა საკუთარი ერი, ხალხი და მიწა
ილჰამ ალიევი - იძულებულები ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა აგრესორისთვის და ამ ფორმით დაგვეცვა საკუთარი ერი, ხალხი და მიწა

იძულებულები ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა აგრესორისთვის და ამ ფორმით დაგვეცვა საკუთარი ერი, ხალხი და მიწა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „რასია 1“-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს ბრძოლა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა..

ილჰამ ალიევის თქმით, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თურქეთი როგორც მხარე, მონაწილეობას იღებს კონფლიქტში, ყალბია. პრეზიდენტის თქმით, თურქეთი არც ერთ შემთხვევაში არ იღებს კონფლიქტში მონაწილეობას, არამედ მორალურ მხარდაჭერას უწევს აზერბაიჯანს, რისთვისაც ბაქო მადლიერია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი „ეფ-16“ ტიპის თვითმფრინავები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ.

ამასთან, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის კონსტრუქციულად იყო განწყობილი მოლაპარაკებების პროცესზე.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არსებობს კონფლიქტის მხოლოდ ორი მხარე.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ ყარაბაღი – ეს სომხეთია და წერტილი. ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკების რომელ პროცესზე შეიძლება იყოს საუბარი?!“ – აცხადებს ალიევი.

მისი თქმით, სომხეთი გამიზნულად არღვევს მოლაპარაკების პროცესს და მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს.