ილჰამ ალიევი - გამოთქმა „აზერბაიჯანი არის ყარაბაღი“ ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა
ილჰამ ალიევი - გამოთქმა „აზერბაიჯანი არის ყარაბაღი“ ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ამ დღეების განმავლობაში მრავალეთნიკურმა და მრავალკონფესიურმა აზერბაიჯანმა ერთიანობა აჩვენა. აზერბაიჯანის მიერ მიღწეულმა გამარჯვებამ სომხური მხარე აიძულა, პოლიტიკური გზით აღდამი, ლაჩინი და კელბაჯარი დაებრუნებინა.

ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ ეროვნულ საქმეში ჩვენ ყველას შეგვიძლია გაერთიანება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ხალხით, არმიით! ჩვენი ხალხი ამ დღეებს ყველაზე ბედნიერად თვლის. მეც ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ამ სასიხარულო სიახლეს ვატყობინებ. გამოთქმა „აზერბაიჯანი არის ყარაბაღი“ ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა“, – განაცხადა ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.