ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია, შედეგს ვერ მიაღწია, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა, ამ ფორმატის საჭიროება აღარ არის
ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია, შედეგს ვერ მიაღწია, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა, ამ ფორმატის საჭიროება აღარ არის

ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწია, ამიტომ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა, ამ ფორმატის საჭიროება აღარ არის.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ესმის „მინსკის ჯგუფის“ სამი თანათავმჯდომარის შეხვედრის შეუძლებლობა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ.

„ჩვენ უკვე მივიღეთ შეტყობინებები, რომ „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი არ იფუნქციონირებს. ისინი უკვე საპენსიო ასაკში არიან. ამრიგად, მინდა, დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, რომ ნებისმიერი სპეკულაცია „მინსკის ჯგუფის“ შესახებ სომხეთში, ან სხვა ქვეყანაში მხოლოდ იწვევს გაღიზიანებას აზერბაიჯანში. ჩვენ მოვაგვარეთ კონფლიქტი, „მინსკის ჯგუფის“ მიერ შემუშავებული „მადრიდის პრინციპები“ მოგვარებულია. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზებზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ლიდერმა.