ილჰამ ალიევი - დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცეს შესარიგებლად და უკან მოვიტოვებთ დაპირისპირების ისტორიას
დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ, დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში, სომხეთთან სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმების დროს განაცხადა.
ალიევის თქმით, დარწმუნებულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცეს შესარიგებლად და დაპირისპირების ისტორიას უკან მოიტოვებენ.
„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ აღნიშნა, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს შექმნის ახალ დამაკავშირებელ ხაზებს, მოშლის კედლებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს მრავალი ქვეყნისთვის. დღეს ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ ვამკვიდრებთ მშვიდობას, პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობა მოიტანა კავკასიაში და მადლიერი ვართ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცესა და პასუხისმგებლობას შესარიგებლად. ხალხი შერიგდება და უკან მოვიტოვებთ ამ დაპირისპირებისა და სისხლისღვრის ისტორიას“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-თან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ისტორია იწერება, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება.
„ნამდვილად ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ ორ სახელმწიფოს, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისკენ გზას ვიწყებთ. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია რამდენიმე თვეში შეუშავდება და ეს იქნება ისტორიული მიღწევა აზერბაიჯანისთვის, რადგან მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა შესანიშნავი შესაძლებლობაა. ასევე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც. ეს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი მრავალ სფეროს მოიცავს – ერთობლივი ინვესტიციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, ტრანზიტი, ხელოვნური ინტელექტი, თავდაცვა, რეალიზაცია, ტერორიზმთან ბრძოლა. ყველა ამ სფეროში ჩვენ გვაქვს – და ვიმედოვნებ, მომავალშიც გვექნება – თანამშრომლობა. ეს შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს, განაგრძოს განვითარების გზა და განახორციელოს ეკონომიკის დივერსიფიცირება, შეამციროს უმუშევრობა“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.