ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოონ
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოონ

სომხეთის რესპუბლიკა რუსეთისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მზად არის, აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„რთულად წარმოსადგენია მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, მაშინ როდესაც რეგულარულად ხდება სროლები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მხარეთა შორის ჯარების დაშორიშორება მოხდეს სსრკ-ის დროინდელი გავლებული საზღვრების მიხედვით.

„შემდეგ იქ განვათავსოთ რუსი მესაზღვრეები, ან საერთაშორისო დამკვირვებლები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

იმავე შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო მზად არის, სომხეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე, ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარების პირობით.

„ომი და კონფლიქტი ისტორიაში დარჩა. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარებით და მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. აზერბაიჯანი, როგორც გამარჯვებული ქვეყანა, მზად არის, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. იმედი გვაქვს, რომ სომხეთის ხელისუფლება არ გაუშვებს ხელიდან ამ ისტორიულ შანსს“, – აღნიშნა ალიევმა.