ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც
ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.

მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. სამი მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული აზერბაიჯანს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, ალიევმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პოლიტიკაზეც.

„ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, როგორც პრემიერმა ბრძანა, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომლებიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროპას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ბუნებრივია, ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხები განსახილველი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტივირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.