ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა რევოლუციების „შავი ჭირი“ შეაჩერა, რადგან რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა რევოლუციების „შავი ჭირი“ შეაჩერა, რადგან რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა რევოლუციების „შავი ჭირი“ შეაჩერა, რადგან რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა. ამის შესახებ ალიევმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2005 წელი. აზერბაიჯანზე უკვე მიუთითებდნენ, როგორც რევოლუციების რიგში მორიგ ადგილას მყოფზე. გამოუშვეს მაისურები, რომლებზეც ეწერა: „საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი“. ანუ მეოთხე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, ჩვენს შემდეგ კი, სხვები. ჩვენ შევაჩერეთ ეს შავი ჭირი, ეს დაავადება, ეს ვირუსი. ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ამ რევოლუციებმა იმ ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა და ისინი თავიანთი პრობლემების წინაშე პირისპირ დარჩნენ. იქ არ წყდება არეულობები, რადგან იქ დათესეს ეს შხამიანი რევოლუციური თესლები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი არ არის და არც იქნება ვინმეზე დამოკიდებული და ვერავინ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„დღეს აზერბაიჯანი ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის პერიოდს გადის. რადგან დღეს ჩვენ თავად განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს. აზერბაიჯანი არ არის ვინმეზე დამოკიდებული და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მომავალშიც არ ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებულები. ამიტომ უნდა ვიყოთ ძლიერები და პატრიოტულები, ჩვენი ეკონომიკა კი, უფრო მტკიცე უნდა იყოს. დღევანდელი მთავრობა ყველა ამ თვისებას ფლობს და ყველა ხედავს, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ვერავინ ერევა“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ახალგაზრდები ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„უნდა შეიქმნას ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც იქნება სახელმწიფოებრიობისადმი ერთგული, ხალხთან დაკავშირებული, რეალური წინადადებების მქონე, ხელისუფლების მაკრიტიკებელი, თუმცა კონსტრუქციული ინიციატივების მქონე და გზისკენ მიმთითებელი. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, თუ ასეთი ოპოზიცია შეიქმნება“, – განაცხადა ალიევმა. თუმცა, მისი თქმით, ასეთი ოპოზიცია ამჟამად ჰორიზონტზე არ ჩანს.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ახალ დონეზე უნდა ავიდეს აღმზრდელობითი სამუშაო და გადაიხედოს იდეოლოგიური სამუშაო.

დატოვე კომენტარი