ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა განახორციელა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის ფუნქციონირებისთვის, ამჟამად ჩვენ უბრალოდ ვაფართოებთ ინფრასტრუქტურას
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა განახორციელა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის ფუნქციონირებისთვის, ამჟამად ჩვენ უბრალოდ ვაფართოებთ ინფრასტრუქტურას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრაზე ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის საკითხი განიხილეს.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ეს პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე განახორციელა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი ამ სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციონირებისთვის.

„ამჟამად ჩვენ უბრალოდ ვაფართოებთ საკუთარ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას ტვირთების მზარდი მოცულობის გათვალისწინებით“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სატრანსპორტო კორიდორს, „ჩრდილოეთ-სამხრეთს“ საფუძველი ჩაეყარა 2 000 წლის 12 სექტემბერს რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის გაფორმებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებით. კორიდორის შექმნის მიზანია ინდოეთიდან რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ტვირთების მიწოდების ვადების შემცირება. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ კორიდორს ირანის ტერიტორიაზე აქვს სამი მიმართულება. აღმოსავლეთის მიმართულება – თურქმენეთი და შუა აზიის ქვეყნები, შუა მიმართულება – რუსეთი და სხვა ქვეყნები კასპიის ზღვის გავლით, დასავლეთის მიმართულება – აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. 2023 წლის 17 მაისს რუსეთსა და ირანს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ირანის ჩრდილოეთით, გილანის პროვინციაში რეშთი-ასტარას რკინიგზის მშენებლობის შესახებ. რეშთი-ასტარას სარკინიგზო ხაზზე, რომლის სიგრძე დაახლოებით 163 კმ-ია, აშენდება ცხრა სადგური. ამ რკინიგზის მშენებლობის დასრულებით გაუმჯობესდება საერთაშორისო კორიდორი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, ხოლო ირანის სარკინიგზო ქსელი ინტეგრირებული იქნება კავკასიის ქვეყნებთან, რუსეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან. შეთანხმების თანახმად, მოსალოდნელია, რომ რუსული მხარე ამ რკინიგზის მშენებლობაზე დახარჯავს 1,6 მილიარდ ევროს. ეს რკინიგზა 48 თვის განმავლობაში აშენდება.