ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემის ტრადიციებს, ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღეს ულოცავს.
ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და თქვენი სახით რუსეთის ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დღესასწაულს, რუსეთის დღეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები ეფუძნება მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებს ჩვენს ხალხებს. სიამოვნებით აღვნიშნავ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას, ასევე რეგიონთაშორისი, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც ხელს შეუწყობს აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების, მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას, სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით, ჩვენი მეგობარი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი წერილში.