ილჰამ ალიევი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფაზე - რუსეთის სტრუქტურების მცდელობები, შენიღბონ ეს ინციდენტი, ჩვენში იწვევს გაოცებას და სამართლიან აღშფოთებას
რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების მცდელობები, შენიღბონ ეს ინციდენტი და დაჟინებით გაავრცელონ აბსურდული ვერსიები, ჩვენში იწვევს გაოცებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განაცხადა.
ალიევის თქმით, გროზნოსა და აქთაუში გაიგზავნა პროკურატურის სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც ოპერატიული სამუშაოები ჩაატარეს.
„პროკურატურის სამუშაო ჯგუფები გაიგზავნა გროზნოსა და აქთაუში, სადაც მათ ჩაატარეს ოპერატიული სამუშაოები. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს წინასწარი მონაცემები. ბუნებრივია, გამოძიების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე, რომელზეც 29 დეკემბერს ვისაუბრე: გროზნოში საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები, რომლებიც დანაშაულის შემცველია. რუსეთის საჰაერო სივრცეში საფრთხე თუ არსებობდა, თვითმფრინავის კაპიტანი დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ამის შესახებ. საჰაერო სივრცე დაუყოვნებლივ უნდა დახურულიყო და თვითმფრინავი უკან დაბრუნებულიყო“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, ალიევის თქმით, ავიაკატასტროფამდე დაახლოებით ათი დღით ადრე მსგავსი ინციდენტი მოხდა გროზნოს მახლობლად, როდესაც თვითმფრინავი იძულებული გახდა, ნახევარი გზიდან უკან დაბრუნებულიყო. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდება.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.