ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ალიევის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარებაა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიცაა აღნიშნული.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სომხეთის სარჩელები ასევე შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება და ყარაბაღის გამოყოფა აზერბაიჯანისგან.

როგორც ალიევმა აღნიშნა, მშვიდობა შესაძლებელია, თუ ასეთი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციაში, სხვა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებები შევა.

„სომხეთის კონსტიტუციისა და სხვა დოკუმენტების შეცვლის შემთხვევაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა ალიევმა.