ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ცეცხლის შეწყვეტა დღესვე შეათანხმოს, თუ სომხეთი კონფლიქტის დარეგულირების საბაზისო პრინციპებს დაიცავს
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ცეცხლის შეწყვეტა დღესვე შეათანხმოს, თუ სომხეთი კონფლიქტის დარეგულირების საბაზისო პრინციპებს დაიცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მზად არის ცეცხლის შეწყვეტა დღესვე შეათანხმოს, თუ სომხეთი კონფლიქტის დარეგულირების საბაზისო პრინციპებს დაიცავს. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს სრულ ტექსტს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

„ჩვენ არაერთხელ ღიად განგვიცხადებია ამის შესახებ. ჩვენ მზად ვართ დღეს შევათანხმოთ ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ამავე დროს, სომხეთმა, მისმა პრემიერ-მინისტრმა უნდა განაცხადოს, რომ აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული საბაზისო პრინციპების ერთგულია. ორი დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტს არ აქვს გადაჭრის დიპლომატიური გზა“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას ითხოვს.

„ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენი მიწების დაბრუნება. სომხეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის შესაბამისად უნდა აიღოს თავის თავზე მიწების გათავისუფლების ვალდებულება, თუმცა ის ამის შესახებ არ საუბრობს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

დატოვე კომენტარი