ილჰამ ალიევი - ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, თუ სურს ეს სომხეთს, მაშინ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ სურს, ძალით გადავწყვეტთ
ილჰამ ალიევი - ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, თუ სურს ეს სომხეთს, მაშინ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ სურს, ძალით გადავწყვეტთ

​ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს, თუ მას სურს, მაშინ ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი ზანგეზურში დაბრუნდება, რომელიც აზერბაიჯანს 101 წლის წინ წაართვეს.

ზანგეზურის დერეფნის შექმნა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს. ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს. თუ მას სურს, ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ. ისევე როგორც ომამდე და ომის დროს, მე ვთქვი, რომ ისინი საკუთარი ნებით უნდა გავიდნენ ჩვენი მიწებიდან, თორემ ძალით გავაძევებთ. ასეც მოხდა. იგივე იქნება ზანგეზურის დერეფნის ბედიც. ჩვენი მთავარი კონკურენტი დროა, რადგან რკინიგზისა და მაგისტრალის მშენებლობას დრო სჭირდება. ამიტომ, მობილიზებულია ყველა ძალა ამ პროექტის განსახორციელებლად. ამრიგად, აზერბაიჯანელი ხალხი დაუბრუნდება 101 წლის წინ წართმეულ ზანგეზურს“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალურმა ერევანმა ილჰამ ალიევის განცხადება დაგმო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ქვეყანა ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისწრაფებებს გამოიყენოს ძალა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები სერიოზულად აზიანებს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას. ისინი ავლენენ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი განცხადებების სიყალბეს მშვიდობასა და შერიგებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ასეთი საფრთხეები ხორციელდება სომხეთის გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სომეხი ხალხისთვის ძალის პოზიციიდან საუბარი. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს როგორც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ასევე ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით“, – განაცხდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა.

ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევნთან აკავშირებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღნიშნულ დერეფანში სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო.

 

დატოვე კომენტარი