ილჰამ ალევი - ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული გარემო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის როგორც ორხმრივ, ისე სამხრივ ფორმატში
ილჰამ ალევი - ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული გარემო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის როგორც ორხმრივ, ისე სამხრივ ფორმატში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა ქვეყანას, თუნდაც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, სჭირდება დამატებითი ინვესტიციები. აქ ბიზნესკლიმატი არ არის საკმარისი. ჩვენ ვუბრუნდებით იმ საკითხს, რაზეც ვსაუბრობდით და რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უნიკალური სიტუაცია, გლობალურად თუ ავიღებთ, ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული გარემო გვაქვს – აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, საქართველოსა და თურქეთს შორის და სამხრივიც. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ გვაქვს სამხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი – საგარეო საქმეთა მინისტრების, ეკონომიკის მინისტრების, ლიდერების სამიტის ფორმატში და დავიწყეთ მოგების გაზიარება, იმის გაცნობიერება, რომ ეს დაიწყო ენერგეტიკული პროექტებიდან. ასევე, როგორ ვთქვა, დაბალანსდა ინტერესები და შევინარჩუნეთ ეს პოზიცია. უახლეს წარსულში დავიწყეთ რკინიგზის მშენებლობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დასაკავშირებლად, ეს იყო იმის შემდეგ, რაც წარმატებით განხორციელდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების პროექტები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის განმარტებით, შუა დერეფნის კონტექსტში ყველაფერი დალაგებულია და ახლა საჭიროა მმართველთა კომიტეტი, მმართველთა საბჭო, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი.

„მიმაჩნია, რომ ამ დერეფნის კონტექსტში ყველაფერი დალაგებულია და ახლა გვჭირდება გარკვეული, ვთქვათ, მმართველთა კომიტეტი, მმართველთა საბჭო, სადაც ყველა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი – ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ევროპელი პარტნიორები, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი სატრანსპორტო ფლოტი ხომალდების, საზღვაო პორტები. საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები რომ ჩაერთონ ამ საბჭოს მუშაობაში, კარგად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

ასევე, ახალი პროექტები იქნება ჩინეთიდან წამოსული. ჩინეთი ახლა იწყებს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს, რაც, საბოლოო ჯამში, კასპიის რეგიონში შემოვა და შემდეგ ჩამოვა აქეთაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ არა მარტო სატრანსპორტი მიმართულებით, არა მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის უპირატესობებზე,  არამედ დასავლეთ-აღმოსავლეთის უპირატესობაზეც. ახლა ჩვენი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორ შევიტანოთ ჩინეთიდან საქონელი ევროპაში, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, ჰიდრონახშირბადი როგორ წამოვიდეს პირიქით, ევროპიდან აქეთ. ბიზნესკლიმატიც ორივე მიმართულებით რომ იქნას გაანალიზებული და ჩვენს სამიზნე ორიენტირებთან შესაბამისობაში მოყვანილი“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.