„ილ 76“-ის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა
„ილ 76“-ის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა

„ილ 76“-ის ჩამოგდების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას და დანიშნავს ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს და ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღით უარი თქვა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ილ 76“-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა.

მისი თქმით, ამ თვითმფრინავით რუსებს უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდათ, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის კიდევ ერთი შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“-ი ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ილ-76“-ის თვითმფრინავი, სადაც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი განაცხადეს, რომ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა. ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომაც, სადაც აღნიშნულია, რომ არ აქვთ სანდო ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავში.