ხატია დეკანოიძე - კახა კუჭავას გადავეცით განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან არავითარი პროვოკაცია და აქცია არ იქნება
ხატია დეკანოიძე - კახა კუჭავას გადავეცით განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან არავითარი პროვოკაცია და აქცია არ იქნება

კახა კუჭავას გადავეცით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების ფონზე, ასევე ჩვენი მოთხოვნის ფონზე, აუცილებელია მისი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა, რაც ხაზგასმულია განცხადებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან არავითარი პროვოკაცია არ იქნება და აქცია არ მოეწყობა.

„ამავე დროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იმ შეთხვევაში, როდესაც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველა მუხლს, მათ შორის მუხლს, რისკენაც მათ სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში უნდა გადაიყვანონ. „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას, არავითარ აქციას. პირიქით, ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის გლდანის საპატიმროს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა ადგილობრივ მედპერსონალთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.