კახა კალაძე - ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს არის ჩემი დაპირება
კახა კალაძე - ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს არის ჩემი დაპირება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2022 წლიდან იგეგმება ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით სრულად ჩანაცვლება.

კალაძის განმარტებით, ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან, ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები (კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს), სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით. ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლომდე მიიყვანენ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით ქალაქში ყველას თანაბარი, კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

„ვქმნით 10 სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.