იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს გაესაუბრება, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს გაესაუბრება, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს გაესაუბრება. სულ გასაუბრებას ოთხი კანდიდატი გაივლის, მათ შორის არის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძე არის მდივანი და მას უფრო მეტი მოთმინება მართებს კარიერის დაგეგმვის დროს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უფლებამოსილების ამოწურვამდე კიდევ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი.

„მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, თუ ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოსი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, მისი სურვილია,  ხანგრძლივად შეინარუჩუნოს სკამი თუ მანტია, რათა ჰქონდეს გარანტირებული სამსახური. ამის შესახებ თვითონ განაცხადა კიდეც. როდესაც საბჭოს მდივანი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ ნებისმიერი ფორმით მოხვდეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში, ვფიქრობ, მიუღებელია”,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ პროცესი ხელოვნურად არის გაჭიანურებული და ამის მიზეზია უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სია. ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ სია იმ სახით, როგორც იყო წარდგენილი, სავარაუდოდ, არ დამტკიცდება.

„მაგალითად, გვრიტიშვილი აპირებდა უზენაესში წასვლას მაგრამ ახლა როგორც ჩანს, ვეღარ მიდის და ალბათ, შეიცვლება სურათი და ბევრი ადამიანი მოხსნის თავის კანდიდატურას”,- აცხადებს ჯანეზაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მიქაუტაძე წარმატებით გაივლის კენჭისყრას, ის უვადო მოსამართლე გახდება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს გაესაუბრება.

რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი ყველა კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ დაიწყება.