ბათუმში, რუსეთ-ხორვატიის საფეხბურთო მატჩის დროს ინციდენტი მოხდა
ბათუმში, რუსეთ-ხორვატიის საფეხბურთო მატჩის დროს ინციდენტი მოხდა

რუსეთ- ხორვატიის მატჩის მიმდინარეობის დროს, ბათუმში ხორვატიის ქართველ გულშემატკივრებსა და რუს ტურისტებს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორმა, ეკა ჭითანავამ გაავრცელა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დრიექტორი სოციალურ ქსელში წერს,  მან რუსი ტურისტების მიერ  რუსული დროშების ფრიალი გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საქმეში კი სამართალდამცველები ჩაერთნენ.

„ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე რუსეთ-ხორვატიის მატჩს ვუყურებდი. ცხადია, ვგულშემატკივრობდი ხორვატიას. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, Go Croatia, ! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, My country is occupied by your country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო,“-წერს ეკა ჭითანავა სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში რუს გოგონასთან ქართველი ბიჭები მივიდნენ, მას კი მხოლოდ ორი მოწმე გაჰყვა.

„ როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს“,-წერს ეკა ჭითანავა და აღნიშნავს, რომ განყოფილებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც მივიდნენ და მისი გამოკითხვა ორშაბათამდე გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებს რუსმა ტურისტებმა შეატყობინეს. ტურისტების თქმით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.