საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც, ამჟამად, “იუტა ჯაზის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს, “ფინიქს სანზის” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
“ფინიქსმა” რეგულარული ჩემპიონატი ამ სეზონში ბოლო ადგილზე დაასრულა და თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა. ამის გამო, გუნდმა მთავარი მწვრთნელი ირლ უოტსონი დაითხოვა და ახლა მის შემცვლელს ეძებს.
როგორც Arizona Sports წერს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კოკოშკოვთან. სხვათაშორის, სერბი სპეციალისტი 2008-13 წლებში “ფინიქსში” მთავარი მწვრთნელის ელვინ ჯენტრის ასისტენტი იყო.
“ფინიქსს” დიდი შანსი აქვს, რომ 2018 წლის დრაფტზე პირველი ნომრის არჩევის უფლება მიიღოს. პირველი ნომერი კი შეიძლება გახდეს სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი.
შეგახსენებთ, კოკოშკოვმა სლოვენიის ნაკრებს 2017 წლის ევრობასკეტზე გაამარჯვებინა. ასე რომ მისი და დონჩიჩის დუეტი, შესაძლოა, “ფინიქსში” აღდგეს.