იგორ დოდონი - ხმა მივეცი ნორმალურ პირობებში დაბრუნებას, მოლდოვის რესპუბლიკის განვითარებას
იგორ დოდონი - ხმა მივეცი ნორმალურ პირობებში დაბრუნებას, მოლდოვის რესპუბლიკის განვითარებას

მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერმა, იგორ დოდონმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ამასთან, დოდონმა მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე და პოზიცია საარჩევნო უბნებთან დააფიქსირონ.

„იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი ხელისუფლება განიხილავს არჩევნების გაუქმების ვარიანტს, ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ პარლამენტთან ჩვენი გამარჯვების დასაცავად. მე ხმა მივეცი ნორმალურ პირობებში დაბრუნებას, მოლდოვის რესპუბლიკის განვითარებას, იმ შიშის მოშორებას, რომელიც ბოლო კვირებში, თვეებსა და წლებში ნორმად იქცა მოლდოვის რესპუბლიკაში. მქონდა ასობით შეხვედრა – ხალხი შიშობს. როდესაც ხალხი შიშობს ეს ტირანიაა“,- აღნიშნა იგორ დოდონმა.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი 101-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის, ანუ 51 ადგილის მოპოვებას შეეცდებიან. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის.