იერუსალიმში თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
იერუსალიმში თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ იერუსალიმში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მანქანა, რომელსაც პალესტინელი მართავდა, ხალხმრავალ რაიონში ფეხით მოსიარულეებში შევარდა. მედიის ცნობით, მძღოლი, 39 წლის მამაკაცი ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილზევე მოკლა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელში დაღუპული სამხედრეობისა და თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავდნენ.

მემორიალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა იყო ისრაელის მოქალაქეების მოკვლის მორიგი მცდელობა.

„ეს ტერორისტული თავდასხმები ხორციელდება იმ მოლოდინით, რომ ისინი დაგვძლევენ და ამოგვძირკავენ აქედან და რომ შეეძლოთ, ისინი ყველას დაგვხოცავდნენ. თუმცა, ისინი ვერ დაგვძლევენ, ჩვენ დავძლევთ მათ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

თავდასხმა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მოხდა. იერუსალიმში მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდი ჩაატარეს, რის შედეგადაც მოკლულია 20 წლის პალესტინელი.

მიმდინარე წელს ისრაელის ძალებმა 90-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი და სამოქალაქო პირი მოკლეს, პალესტინელების მხრიდან თავდასხმების დროს კი ისრაელის 18 მოქალაქე მოკლეს, ასევე ერთი იტალიელი და ერთი უკრაინელი.