იერუსალიმში პალესტინის ადმინისტრაციის დაზვერვის სამსახურის უფროსი დააკავეს
ისრაელის არმიამ იერუსალიმში პალესტინის ადმინისტრაციის დაზვერვის სამსახურის უფროსი დააკავა. სააგენტო Wafa-ს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ჯიხად ალ-ფაკიხი ისრაელის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამსახურში მიმავალ გზაზე გააჩერეს.
ინციდენტი იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ალ-ჯუდეირასთან მოხდა.
პალესტინის ადმინისტრაციის წევრი იერუსალიმში დაკითხვაზე წაიყვანეს.
პარალელურად, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა აღმოსავლეთ იერუსალიმის გუბერნატორი ადნან ღეიტიც დააკავეს.
სააგენტო The Times of Israel-ის ინფორმაციით, დაკავება იერუსალიმის მოქალაქის გატაცებას უკავშირდება, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინის ადმინისტრაციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს პალესტინის ადმინისტრაცია იერუსალიმის ძველ უბანში არაბული ქონების ებრაელი ინვესტორებისთვის მიყიდვის გამო ეძებდა.