იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას აპროტესტებდნენ და პრემიერის გადადგომა ითხოვდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მკაცრი კარანტინის გამოცხადებით მთავრობა დემონსტრაციების შეზღუდვას ცდილობს.

ამასთან, აქციის მონაწილეები ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციული ბრალდებების გამო ითხოვენ. თავად პრემიერი ბრალდებებს უარყოფს.

დემონსტრაცია ისრაელში მოქმედი მკაცრი საყოველთაო შეზღუდვების ფონზე გაიმართა, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას.

ნეთანიაჰუს მთავრობამ მიმდინარე კვირას 18 სექტემბერს გამოცხადებული სამკვირიანი საყოველთაო კარანტინის კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, სექტემბერში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ისრაელში კარანტინი ხელმეორედ გამოცხადდა.