იერუსალიმის მიმდებარედ არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლა მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება
იერუსალიმის მიმდებარედ არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლა მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ისრაელის სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.

თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწერა ხელი. დოკუმენტი  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფ. ჯონ სელინგმანმა გააფორმეს. სამუშაო ვიზიტით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი სრული შემადგენლობით  საქართველოში არსებულ არქეოლოგიურ ობიექტებს, უძრავ ძეგლებს და ებრაულ მემკვიდრეობას ეცნობა.

ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად,  ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიორული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განისაზღვრება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორი ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა მიმდინარე წლის თებერვლიდან დაფუძნდა და ის საქართველოსა და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივ კვლევას, დაცვას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

იერუსალიმთან ახლოს არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ისრაელის სამეცნიერო ჯგუფები მიმდინარე წლიდან განახორციელებენ. ისრაელში არსებული ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან და ფრანცისკანულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ-ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ-ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.  პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, იქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.