იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის პოლიციასა და ათობით პალესტინელ მლოცველს შორის დაპირისპირება მოხდა
იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის პოლიციასა და ათობით პალესტინელ მლოცველს შორის დაპირისპირება მოხდა

იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის პოლიციასა და ათობით პალესტინელ მლოცველს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, შეტაკების დროს 14-მა პალესტინელმა მიიღო ჭრილობები რეზინის ტყვიებით. მათივე მტკიცებით, ისრაელის პოლიცია ხელს უშლიდა ექიმების მეჩეთთან მიახლოებას.

ისრაელის პოლიციაში კი აცხადებენ, რომ სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ მას შემდეგ, რაც ნიღბიანი „აგიტატორები“, რომელთაც თან ჰქონდათ ჯოხები და ქვები, მეჩეთში ჩაიკეტნენ. ისრაელის პოლიცია ამტკიცებს, რომ პალესტინელები მათ ქვებს ესროდნენ და ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

თავის მხრივ, პალესტინელებმა დაგმეს ისრაელის თავდასხმები მლოცველებზე და მომხდარს დანაშაულებრივი ქმედება უწოდეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელმა სამხედრო დაჯგუფებებმა მოუწოდეს მუსლიმებს, არ ჩაატარებინონ რელიგიური რიტუალი ებრაელ მლოცველებს.

ალ-აქსას მეჩეთში მომხდარი დაპირისპირების ფონზე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ცხრა რაკეტა გაისროლეს, რომელთაგან ოთხი ისრაელის თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო დანარჩენები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.